LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საკითხზე მედიატური გაიმართა

132

თელავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები თელავში მოქმედი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი ემსახურება არა მხოლოდ თელავის, არამედ მიმდინარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. სპეციალურად ჟურნალისტებისთვის ავტომობილების სატესტო შემოწმება გაიმართა, რომლის დროსაც მედიის წარმომადგენლებმა სრული ინფორმაცია მიიღეს შემოწმების პროცედურის შესახებ.

მედიატურს ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის მთავარი სპეციალისტი გიორგი შიოლაშვილი. მისი განცხადებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის გასატარებლად უმნიშვნელოვანესია როგორც გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოების მხარდაჭერა.

„დღევანდელმა მედიატურმაც აჩვენა, რომ ჟურნალისტებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ აღნიშნული რეფორმის, მისი მიზნებისა და სამომავლო შედეგების შესახებ. ჩვენ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გავაგრძელებთ მედიისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის მსგავსი აქციების ჩატარებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, უმნიშვნელოვანესია რეფორმის წარმატებისთვის. არანაკლებ საყურადღებოა ის გარემოება, რომ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტესტირების ცენტრები იხსნება არა მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებშიც, სადაც ავტომობილების შედარებით მცირე რაოდენობაა რეგისტრირებული. რეფორმა ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეკუთვნის, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების პროცესის გავლა მეტი კომფორტით მოხდეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი შიოლაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები