თელავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება იწყება. როგორც ”ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა განუცხადა, პროექტის განხორციელება ოფიციალურად თელავში სექტემბრიდან დაიწყება.
რაც შეეხება საპილოტე პროექტს, რომელიც კახეთის რეგიონის სოფლებში იყო გათვალისწინებული, უკვე მიმდინარეობს. თელავის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი ნარჩენებს ახარისხებს.
”სოფლებში დგას სამი სახეობის ურნა – შერეული, პლასტიკისა და ქაღალდებისთვის. სკოლაში ბავშვები დაატრენინგეს, დაიწყეს სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობები ოჯახებისათვის. ჰყავთ ცალკე მანქანა, რომელიც სეპარირებულ ნარჩენებს აგროვებს და გადამამუშავებელ საწარმოში მიაქვს. თავიდან ალბათ, ყველაფერი რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევა მოსახლეობა”, – განუცხადა ”ფორტუნას” გურგულიანმა.
მისივე თქმით, საპილოტე პროექტს USAID-ის დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს.
ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას იწყებს მარნეულის მუნიციპალიტეტიც. როგორც ”ფორტუნას” მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განუცხადა, სეპარირება ბანკებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაიწყეს – ოფისებში, განთავსებულია პლასტიკისა და ქაღალდის ურნები.
გამგებლის თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ურნების განთავსება იქნება. ჯერჯერებოთ, ურნებისა და ტრანსპორტის შესაძენად, გამგეობას სახსრები არ აქვს, თუმცა, თოფჩიშვილის განმარტებით, ამაში გამგეობას სახელმწიფო დაეხმარება, რადგან 2107 წლიდან მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობაც დაიწყება. ნაგავსაყრელის პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს.
გარდა ამისა, გამგეობა ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებულ ორგანულ ნარჩენებს ამუშავებს. გადამუშავებული მასა სასუქის სახიტ სუპერმარკეტებში იყიდება და სოფლის მეურნეობაში გამოიყენება.