LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური ამოქმედდა

110
თელავი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს კახეთის რეგიონში, ქალაქ  თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ევა ატერლოვ ფრისელმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გახსნეს.

„მონიტორინგის  ქსელის განვითარება გვაძლევს საშუალებას, მაღალტექნოლოგიური სადგურის საშუალებით არა მხოლოდ თელაველებს, არამედ ყველას, ვინც თელავს ესტუმრება, ჰქონდეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სადგური სკოლის ეზოში განთავსდა. მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ჩვენს ახალ თაობასთან ერთად ვქმნით იმ ევროპულ მომავალს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი  სუფთა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და მონაცემებზე წვდომა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და დიდი მიღწევაა. შესაბამისად, შვედეთის მთავრობა ამ მიმართულებით განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ევა ატერლოვ ფრისელმა.

აღსანიშნავია, რომ ავტომატური სადგური აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და შესაძლებლობას იძლევა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს. მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირბადის მონოქსიდის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონის (O3), მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) და BETX (ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი და ქსილენი) შემცველობები.

ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 16 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 14 ავტომატური და 2 მობილურია.