LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის თეატრი მსახიობ ზურა ლომიძეს ემშვიდობება: „ერთით ნაკლები ადამიანი დარჩა, ვის გამოც შესვლა ღირს შენობაში, სახელად – თეატრი!“

179
sndrnews

რეჟისორი სანდრო ელოშვილი თელავის თეატრის მსახიობის, ზურა ლომიძის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:

„ყველამ იცის, ვინც კი მიცნობს, რამდენად მიყვარს და მეძვირფასება თელავი და თელავის თეატრი… ყოველგვარი პათეტიკის და სამგლოვიაროდ შერჩეული ლამაზი სიტყვების გარეშე ვამბობ, რომ ამის ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი ზურა ლომიძეა! მე თეატრს ძალიან კარგად ვიცნობ და განსაკუთრებით შიგნიდან… იშვიათად მინახავს ასეთი ნიჭიერი ადამიანი, იმავდროულად ასეთი დისტანცირებული იყოს ამ სამყაროს განუყოფელი შიდა ინტრიგებისგან… ძალიან მიჭირდა თელავის თეატრში, პირველ რიგში, ჩემი გამოუცდელობის და უცოდინარობის გამო, მაშინ მხოლოდ 21-22 წლის ვიყავი და არასდროს დამავიწყდება, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, ბატონი ზურას დანახვისგან გამოწვეული სიხარული და ემოციები… სამაგალითო ადამიანი და სამაგალითო მსახიობი, დაუზარელი, მშრომელი, ლაღი, კეთილშობილი!

არასდროს დამავიწყდება, როგორ მიხაროდა, როდესაც რეპეტიციებზე მისი სცენების დრო მოდიოდა, რადგანაც ამ დროს ვგრძნობდი რომ მე არ ვარ მარტო… რომ მყავდა ძალიან დიდი გულშემატკივარი და არავითარ შემთხვევაში სიტყვით! მხოლოდ შრომით და გვერდში დგომით, რჩევით და სიყვარულით…

რას ნიშნავს ჩემთვის კარგი მსახიობი?

მუშაობის დროს ენერგიას, სურვილს, სიხარულს და ცეცხლს, რომელსაც ეს პროცესი გვაძლევს!

ჰო, თელავის თეატრის ძალიან კარგმა მსახიობმა და ადამიანმა დაგვტოვა… რა დამრჩება მისგან?

დიდი და ბრჭყვიალა თვალები, რომელიც რატომღაც სულ ცრემლიანი მეგონა და ღიმილი… მუდამ და ყოველთვის ღიმილი…

არ მახსოვს, „ბატონო ზურას“ ვეძახდი თუ „ზურა ბიძიას“, მახსოვს, რომ სხვებთან საუბარში, მის ზურგს უკან ფამილარულად ვამბობდი… ზურა რა კარგი კაცია… ზურა მიყვარს ძალიან!

ისედაც უკვე მოშორებით მობოდიალე, კიდევ ერთი ნაბიჯით დავშორდი ამ ემოციებს… ერთით ნაკლები ადამიანი დარჩა, ვის გამოც შესვლა ღირს შენობაში, სახელად – თეატრი!“