თელავის აეროპორტმა, სახელწოდებით „მიმინო“ შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ჩარტერული რეისების მიღება შეძლოს. საკითხზე ვრცლად Tv პირველის ეთერში, გადაცემაში „საქმიანი დილა“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსთან პროექტი უკვე გავლილია. “ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დამუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტი და ვფიქრობთ, რომ თელავის აეროდრომის როგორც აეროპორტის ამუშავება, ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება ტურიზმის განვითარებისთვის”, -აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, “მიმინოს” ახლაც შეუძლია კერძო ფრენების მიღება, არცთუ ისე დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში კი, ის ჩარტერული რეისების მიღებასაც შეძლებს და შიდა ფრენებსაც განახორციელებს.
ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, უკვე დათვლილია პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხებიც: შიდა ფრენების დაწყებისთვის საჭიროა 9 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო საერთაშორისო ფრენების განვითარებისთვის -15 მილიონი.