ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, მიგრანტები არიან.
უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანით არალეგალურად გადაჰყავდათ მექსიკელი მიგრანტები.
“მათ ჰყავდათ ოჯახები და სავარაუდოდ, უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ. ეს სხვა არაფერია თუ არა ადამიანური ტრაგედია”, – განაცხადა სან-ანტონიოს მერმა, რონ ნირენბერგმა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კიდევ 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ავტომანქანაში, სადაც არც კონდიცირება იყო და არც სასმელი წყალი, მძიმე მდგომარეობაში ნახეს ცოცხლად გადარჩენილი 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ამჟამად პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა.
სან ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარსელო ებრაედის განცხადებით, ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა.
საქმე გამოსაძიებლად აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადაეცა.