შპს „საქართველოს მელიორაცია“ თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავის მშენებლობას 2018 წელს დაიწყებს.
თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შიდა ქართლში ფერმერებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე ყოველთვის ყველაზე მწვავედ სარწყავი წყლის საკითხი იდგა.
„თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის. პროექტის განხორციელებით მკვეთრად შემცირდება კლიმატით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წყალსაცავი 72 სოფელს მოუხსნის სარწყავი წყლის პრობლემას. თეძამის წყალსაცავის პროექტის პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძეც ესწრებოდა, რომელმაც რეგიონისთვის წყალსაცავის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ფერმერებისა და მოსახლეობის დაკვეთით შეიქმნა.
როგორც ღონისძიებაზე კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თეძამის წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.