LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავი აშენდება

124

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავი აშენდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შედეგად, 7 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება.

„კასპის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადდა. სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  „თეძამის წყალსაცავის მოწყობით შიდა ქართლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“,- განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ.

წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3. პროექტის განხორციელების შედეგად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები