ინფლაცია იყო 2022 წლის წლის მთავარი გამოწვევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, თუმცა ინფლაციამ თავისი პიკი გადაიარა გასული წლის მაისში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„იანვრის მონაცემებით 9,4% იყო. ევროზონის ინფლაციასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ორნიშნა ინფლაციის ეტაპი ალბათ დასრულდა და ინფლაცია უნდა იყოს კლებადი. განსაკუთრებით, მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვალში უნდა შემცირდეს ინფლაცია და ფასები უნდა შემცირდეს ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მაღალ მარჟებზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, იყო გარკვეული მიგნებები კვლევების შედეგად, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა.
"ხელფასების ზრდა ყოველთვის წაახალისებს ინფლაციას, მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია რომ არის, იმიტომ იზრდება ხელფასები" - სოსო ბერიკაშვილი
"მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასები იზრდება უფრო სწრაფად და ისინი ცოტა არიან, დაბალანაზღაურებადი ადამიანები არიან მეტი".
„ხშირ შემთხვევაში იყო კითხვები, რომლებზეც მეტი დაზუსტება იყო საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს სრულყოფილად კონკურენტული გარემო, რომ ფასები იყოს ადეკვატური, ხელოვნურად არ იყოს გაზრდილი და კონკურენციის შეზღუდვამ არ განაპირობოს მოსახლეობის მდგომარეობის დამძიმება. რაც არ უნდა პროგრესზე და წარმატებებზე ვისაუბროთ ეკონომიკის კუთხით, ჩვენ გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია და მაღალი ფასები მოსახლეობის ფაქტობრივად ყველა ფენისთვის არის ძალიან მძიმე. ბოლო წლები არ იყო მარტივი წლები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი საზრუნავია, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობას ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ ეს შემოსავალი იყოს ღირებული და არ უფასურდებოდეს ხელოვნურად გაზრდილი ფასების პირობებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდა კონკურენციის სააგენტოსთან და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს.
რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში - დეკემბერში ინფლაციამ 9.8% შეადგინა
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
„პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა კაბინეტის რამდენიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ბიზნესებთან, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად. ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა არაერთი შეხვედრა, რომლებიც, უბრალოდ, არ გაგვიშუქებია, მაგრამ მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. შეხვედრები გვქონდა საწვავის იმპორტიორებთან და საცალო გამყიდველებთან. ვფიქრობ, თებერვლის ბოლომდე ძალიან მკაფიო შედეგები გვექნება – მნიშვნელოვნად შემცირდება საწვავის ფასები. ამაზე უკვე არსებობს შეთანხმება საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან. კონკრეტულად გავაანალიზეთ როგორც მიმდინარე ტენდენციები, ისე პროგნოზები და სექტორმა ჩვენი ანალიზი გაიზიარა. შემცირების ტენდენცია დაიწყო და ვფიქრობ, თვის ბოლომდე საწვავის ფასები დაახლოებით 40 თეთრით უნდა შემცირდეს ძირითად საწვავ კატეგორიაზე, რეგულარის ტიპის ბენზინზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე არის სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირების ტენდენციის მოლოდინი.
„მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად იმპორტიორებთან და ასევე, საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მომავალ კვირაში მივაწვდით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს ხელისუფლება მაღალი მარჟის საწინააღმდეგოდ და განიხილება თუ არა ერთ-ერთ ხერხად პროგრესული გადასახადის შემოღება მოგების ნაწილთან მიმართებით, რაზეც, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი და აპრობირებული მეთოდი სიმდიდრის უფრო სამართლიანად გადანაწილების, მეტი სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ საქართველოს უფრო ლიბერალური ეკონომიკა აქვს და ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.
„თუმცა, ჩვენ ყველანაირი მეთოდი შეიძლება, განვიხილოთ. ამას შეიძლება, დასჭირდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს გარკვეული, რომ არსებობს კონკურენტუნარიანი გარემო ამა თუ იმ სფეროში და ამა თუ იმ პროდუქტთან მიმართებით. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე გვესმის ბიზნესის, სოციალური პასუხისმგებლობის და გარკვეული სოციალური სამართლიანობის ნაწილში ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, რომ მარჟები იყოს ადეკვატური. მათი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩვენ ასეთი მოლოდინი გვაქვს. ასევე, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ გვექნება ფასების მუდმივი მონიტორინგი. ეს არის პირველი ეტაპი, რაც პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა. ყოველთვიურად ჩვენ გვექნება მონიტორინგი ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე და პროცესებს დავაკვირდებით. თუ დავინახეთ, რომ უფრო რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ არსენალში, რომელიც შეიძლება, მივიღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ განიხილება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წყარო: 1tv.ge