თებერვალი წლის ყველაზე დეპრესიულ თვედ დაასახელეს. ფსიქოლოგთა აზრით, ზამთრის ბოლო თვემ ასეთი ტიტული იმის გამო დამსახურა, რომ ხანგრძლივი დღესასწაულების შემდეგ ნორმალურ რიტმში დაბრუნება ძალიან რთულია. გარდა ამისა, ახალ წელთან ერთად ადამიანებს უამრავი ახალი გეგმა და ოცნება აქვთ, მათი აუსრულებლობა კი სერიოზულ ემოციურ პრობლემებს იწვევს. სამწუხაროდ, როგორც წესი, პირველი დარტყმა თებერვალზე მოდის და პირველი დეპრესიული ტალღაც მასთანაა დაკავშირებული. უფრო მეტიც, საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ თებერვლის თვეში ფიქსირდება.
კვლევამ აჩვენა, რომ სტრესულ სიტუაციებს ადამიანები ზაფხულში უკეთესად უმკლავდებიან, ვიდრე ზამთარში. ამასთან, ზამთრის დასაწყისში უმეტესი ჩვენგანი თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე ბოლოსკენ, რადგან ფსიქიკა თანდათანობით სულ უფრო იძაბება.
ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მზის შუქი. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ მზის ნათება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.