LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი“: „ქართული სიმღერა მოდიდან არ უნდა გადავიდეს!..“

„თეატრალურის კვარტეტი“ – ქართული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლები არიან და მათი პროფესიონალიზმი არაერთხელ აღნიშნულა, მათ შორის ქვეყნის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, „ოქროს ტალღაზე“, რომლის ორგზის გამარჯვებულები არიან.

„კაფე ორანჟერეაში“ ანსამბლის წევრებს შევხვდით.

ლაშა:

„ოქროს ტალღა“ ასოცირდება სიყვარულთან, ბედნიერებასთან, კარგ ხასიათსა და კარგ გაწყობასთან, იმიტომ, რომ ყოველი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოება არის ზეიმი და განსაკუთრებული მოვლენა. ასეთი დაჯილდოების ცერემონია არ არსებობს, არის პირველი, განუმეორებელი და უკონკურენტო, ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მონაწილე და ორგზის გამარჯვებული ჯგუფი, ძალიან ბედნიერები ვართ. ყოველ წელს ვმონაწილეობთ, ეს არის ერთგვარი სტიმული და წახალისება შემოქმედი ადამიანებისთვის.

სიურპრიზი იყო თუ ელოდით გამარჯვებას?

ოთო:

სხვადასხვა წელს თითო ნომინაციაში გავიმარჯვეთ, მათ შორის წინა წელს, როგორც წლის ანსამბლმა. ორივე შემთხვევაში ჯემალ სეფიაშვილის სიმღერებით ვიყავით წარდგენილები, ერთს „მარტი“ ჰქვია, მეორეს „წერილი“.

ლაშა:

წლევანდელ წელს ლეგენდარული ჯანსუღ კახიძის პოპურით ვართ წარდგენილები და ვფიქრობ, ჩვენი მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა.

როცა სიმღერას წერთ, ფიქრობთ, რომ ის „ოქროს ტალღის“ ნომინანტებში მოხვდება?

კობა:

არასდროს გვქონია გათვლილი, რომ კონკურსზე მოხვდება, რადგან სიმღერა გაჰიტდება თუ არა და შეიყვარებს თუ არა მსმენელი, ეს თავად მსმენელის გადასაწყვეტია.

ოთო:

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ გვაქვს ხოლმე შეგრძნება, გახდება თუ არა ესა თუ ის კომპოზიცია ჰიტი.

ლაშა:

წელს გადარბენა გვაქვს, მომავალი წლისთვის კი „ოქროს ტალღაზე“, სავარაუდოდ, რამდენიმე სიმღერა იქნება გათვლილი. ერთი ძველი სიმღერის კარგი რიმეიქი იქნება, მეორე კი აუცილებლად ქალაქური ჟანრის სიმღერა.

ირაკლი:

მინდა დავაფიქსირო მთლიანად ჯგუფის აზრი, რომ „ოქროს ტალღის“ მთელი გუნდი არის ძალიან კარგი და მათთან კომფორტულია მუშაობა. დიდი მადლობა ამ კონაკურსისთვის.

სიახლეებზე გვესაუბრეთ.

რაც შეეხება სიახლეებს, ანსამბლს წელს 15 წელი შეუსრულდა და ბევრ სიახლეს გთავაზობთ. დავიწყეთ ტურნე, ვემზადებით საიუბილეო კონცერტისთვის.

კობა:

მსმენელს შევთავაზებთ ახალ სიმღერებს, ძველ კომპოზიციებს ახალი ვარიაციებით, იქნება ბევრი სიურპრიზი, ასევე ჩვენი საყვარელი კომპოზიტორები მუშაობენ იმისთვის, რომ სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნას ახალი სიმღერები. მოკლედ, მუშაობის პროცესში ვართ.

ახალი ქართული სიმღერა, რომელიც თქვენ მოგეწონებათ და შეასრულებთ, ბევრი იქმნება?

ლაშა:

საკმაოდ რთული თემაა. მე არ ვარ კომპოზიტორი, რომ ვიცოდე, როგორია სიმღერის შექმნის პროცესი. ვფიქრობ, ყველა ხელოვანს მუზა სჭირდება, რომ ზემოდან უკარნახოს, რა უნდა დაწეროს. გათვლილად რთულია ჰიტის შექმნა. ხელოვნებაში, თუ რაღაც საზრდო არ გაქვს, ძნელია. უფრო მეტად გრძნობებზე ხარ დამოკიდებული.

ოთო:

ჯერჯერობით ძველ, პოპულარულ სიმღერებს ვაკეთებთ ახლებურად.

ლაშა

ახლა რეგიონების ტურნეზე ვართ გადართულები, გახლდით ქუთაისში და ბათუმში. სიყვარული, რასაც მსმენელი გვჩუქნის, აუცილებლად გვინდა, უკან დავუბრუნოთ. მათ, ვინც ვერ ახერხებს ჩვენს კონცერტებზე ჩამოსვლას, იქით ვაკითხავთ, რომ მოისმინონ ჩვენი შესრულება.

იუბილეს ფარგლებში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში და მოხუცებულთა თავშესაფრებში დავდივართ კონცერტებით. ბევრ მომღიმარ და ბედნიერ სახეს ვხედავთ და ჩვენთვის ეს დიდი სიხარულია. ამ საქმეში ავიყოლიეთ ჩვენი მეგობრები, სპონსორები, მივეცით თავს უფლება, რომ ამ საქველმოქმედო კონცერტებს მასშტაბი მივცეთ.

ოთო:

ჩვენი საიუბილეო წლის განმავლობაში ვგეგმავთ ბევრ მუსიკალურ აქტივობას. ეს გახლავთ დისკის გამოცემაც, რომლის პრეზენტაციაც შედგება. მოკლედ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.

ლაშა:

რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაფერი ხარისხიანი დიდ ფინანსებს უკავშირდება. ორი ტიპის აუდიოალბომის გამოცემას ვგეგმავთ, ერთი იქნება უფრო მეტად კლასიკური ქართული სიმღერებით დატვირთული, მეორე კი უფრო მხიარული, არანჟირებებით გაკეთებული.

ქართული სიმღერა ბოლო დროს უფრო პოპულარული რომ გახდა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ოთო:

ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქართული სიმღერით, ბევრი ანსამბლია, მომღერლებიც მომრავლდნენ, რომელთაც შეუყვარდათ ქართული სიმღერა. ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ასევე მედიაში ქართული სიმღერის პოპულარიზაცია ხდება.

ლაშა:

მთავარი ისაა, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული მოდასთან. მოდიდან არ უნდა გადავიდეს ქართული სიმღერა. თუ გვინდა, რომ ქართულ სიმღერას გვრდში დავუდგეთ, ყველა უნდა დაეხმაროს ამ ტენდენციას, რომ მუდმივად ასე იყოს. პოლიფონიურ სიმღერას საზღვარგარეთ ისეთი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, წარმოუდგენელია…

რამდენიმე წლის წინ ფლორენციის ძველი მერიის შენობაში პირველად მოგვეცა საშუალება, გამოვსულიყავით, რასაკვირველია, მიკროფონების გარეშე, იქ აქამდე არავის უმღერია, დარბაზები მიქელანჯელოს მოხატულია და მკაცრად იცავენ. მხოლოდ აკაპელაში სიმღერის საშუალება გვქონდა. კონცერტის დასრულების შემდეგ უცხოელი ქალბატონი მოვიდა ირაკლისთან და უთხრა, მე ხელოვნებათმცოდნე ვარ და რაც ახლა მოვისმინე და შევიგრძენი, ბევრად აღემატება იმას, რაც აქ, ამ დარბაზში არისო. ეს იყო არა მხოლოდ „თეატრალურის კვარტეტის“, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვება. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი კულტურა მსოფლიოში ჩვენი ელჩია.

ოთო:

კარგი იქნება, თუკი ქართული სიმღერა უფრო მეტად დაფასდება საქართველოში, ვიდრე საზღვარგარეთ.

ახლა ასეა?

ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ასეა, თუმცა პროცესი დაწყებულია.

ირაკლი:

კიდევ ერთ რამეს დავამატებ. მომღერლობა არის სერიოზული პროფესია და ყველამ ასე უნდა შეხედოს. „შენ რა გენაღვლება, მღერი“, – ასეთი მიდგომა არასერიოზულია. ქართული სიმღერა საპასუხისმგებლოა. სწორად, კარგად, გემოვნებით ქართული სიმღერის შესრულება რთულია. ეს არის პროფესია და არა გართობა.

ოქროს ტალღის წარმდგენია ლიდერ ფუდი. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი რუსთავი 2“.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „კაფე ორანჟერეა“

ნინო მურღულია