თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს ბოსტნეულის გამყიდველ ბიჭზე, რომლის საქციელმაც გული აუჩუყა. გთავაზობთ მის მონათხრობს.
„ახლა ხომ ყველა ყველაფერს ყიდის და ამიტომ ზედ ჩემი ეზოს შლაგბაუმთან, თუთის ჩრდილში მორიგი მანქანა რომ ჩამოდგა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭმა ხილის და ბოსტნეულის ყუთები გადმოალაგა, არ გამკვირვებია. სახლში ასვლისას შევხედე და მომეწონა. არ იყო ერთი ზომის, სანთლით გაპრიალებული, ნიტრატებით გაძეძგილი პლასტმასის პომიდვრები და კიტრები, გარგარს ჭორფლი და ნასეტყვარიც ეტყობოდა. მოკლედ, იმ დღესაც ვიყიდე რაღაცები და მეორე დღესაც. დღეს, ეზოდან რომ გავდიოდი, დამინახა ბიჭმა და გაუნათდა სახე. თქვენო ის არ ხართ, იმ დღეს კარტოფილი რომ იყიდეთო? რა ვიცი, ალბათ კი-მეთქი. ჰოდა, რომ მითხარით 3 ლარის ამიწონე, მე შემთხვევით 2 ლარის მოგეცით და ახლა უნდა დაგიმატოთო. ამიჩუყდა გული, შეიძლება, მე არც ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს რამდენი ლარის კარტოფილი ვიყიდე და მე რომც ვყოფილიყავი, არ გამოგართმევ არაფრით-მეთქი. რას ამბობთ, ღამე არ დამეძინებაო. ჩემს აჩუყებულ გულს კიდევ ეგ უნდოდა? ხომ წამოვზიდე იქიდან ყველაფერი, რაც მჭირდებოდა და არ მჭირდებოდა, იმ კარტოფილზე ხომ ხელჩართული ბრძოლა გავმართეთ და სამი თუ ოთხი ცალი ძლივს ჩამიტენა ბადრიჯნით სავსე პარკში, რომელიც რატომ ვიყიდე, არ ვიცი, ჩემი არც ერთი შვილი ბადრიჯანს არ ეკარება, მომავალშიც, სანამ აქ იდგებიან, ხომ სულ ამათგან ვიყიდი ყველაფერს, მაგრამ პრობლემა რა არის, იცით? ეს პატიოსანი ბიჭი, ერთი ლარის გულისთვის რომ გამომეკიდა, ვერასდროს გამდიდრდება და ზოგიერთი, აქვე, „ლიბრეში“ და „ორ ნაბიჯში“ რომ ყიდულობს ბოსტნეულს და 20 მეტრის მოშორებით ყიდის, თან შვილებს იფიცებს, დასავლეთიდან ჩამოვიტანეო, კი უყიდის იმ ტყუილზე დაფიცებულ შვილებს სახლებს და მანქანებს…“