ჟურნალისტი თეა გვასალია დედოფალ ლეტიციას ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის უნივერსიტეტის სამართლის კათედრის გამგესთან ერთად არის გადაღებული ჯილდოს გადაცემისას, რომელიც თავადცე დააწესა – ფოტოზე ჩანს, რომ ორივე ქალბატონს ერთი და იგივე კაბა აცვია:
„თავისივე სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე მისულ ესპანეთის დედოფალ ლეტიციას, დასაჯილდოვებელი, სევილიის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე ინმაკულადა ვივას ტესონი, „მანგოს“ ისეთივე კაბაში გამოწყობილი დახვდა, თვითონაც რომ 50 ევროდ ჰქონდა ნაყიდი და ძალიან უხდებოდა. ქალებმა ერთად იცინეს ამ დამთხვევაზე, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და ერთი სასახლეში დაბრუნდა, მეორე თავის სამოთახიან ბინაში.
ეს არაა პირველი შემთხვევა, დედოფალს რომ „ინდიტექსის“ რომელიმე იაფი ხაზის სამოსი აცვია. მაღალ, გამხდარ და კარგი აღნაგობის ლეტისიას თითქმის ყველაფერი უხდება და არაა გადარეული ბრენდებზე და მოდელიერების გვარებზე. საგანგებო შემთხვევებისთვის, ცხადია უკეთესი კაბებიც აქვს, განსაკუთრებით ჩემი ფავორიტი დიზაინერის, ფელიპე ვარელას სამოსს იხდენს, მაგრამ ხალხში ძირითადად 50-100 ევროიანი ტანსაცმლით ჩნდება. თქვენც შეამჩნევდით, როცა ადამიანს ფულთან ერთად შინაგანი კულტურა, განათლება და გემოვნება აქვს, ლამაზად და სადად აცვია, მარტო ფულის ქონის შემთხვევაში, ცარიელი თავის წარმოჩენას რაც შეიძლება ძვირიანი ბრენდის მყვირალა ტანსაცმლით ცდილობს…“