LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილსერვის ჯგუფი” დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

212
თბილსერვის ჯგუფი

„თბილსერვის ჯგუფი” დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოსაკრებლის გადახდის თარიღი იცვლება, ფიზიკური პირებისთვის ტარიფი უცვლელი რჩება, ხოლო იურიდიული პირების /კომერციული ორგანიზაციებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იანვრის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

“ფორტუნა” თბილსერვის ჯგუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებოდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს.

რაც შეეხება ტარიფებს, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განისაზღვრული.

შესაბამისად, ფიზიკური პირები დეკემბერ-იანვარში უცვლელი ტარიფით ისარგებლებენ.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსაკრებელი ახალი ტარიფით შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული კატეგორიის აბონენტებს და არა ფიზიკურ პირებს. დეკემბერ-იანვრის მოსაკრებლის ერთდროულად დარიცხვა კი უკავშირდება სემეკ-ის გადაწყვეტილებას.

აქვე განვმარტავთ, რომ იანვრის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დეკემბერ-იანვრის დავალიანება ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე დაფარონ“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები