2022 წლის ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალაქგარეთ ბინების გაქირავებაზე ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-50%-მდე გაიზარდა, – საკითხზე „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” მრჩეველთა საბჭოს წევრი BMG- ისთან საუბრობს. ვაჟა მებაღიშვილი მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ქირის ფასის ზრდას ქვეყანაში რუსი და ბელარუსი მოქალაქეების შემოდინებას, ასევე ინფლაციურ პროცესებს უკავშირებს.
„მოთხოვნა ძირითადად წყნეთზე, საგურამოსა და წავკისზეა. ეს ადგილები ლიმიტირებულია და რთულია ის ყველამ იქირაოს”, – აღნიშნა მებაღიშვილმა BMG- ისთან. მისივე ინფორმაციით, თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა ერთი თვით წელს საშუალოდ $3 500 ღირს, მაშინ, როცა 2021 წელს 1 500$ ღირდა.
ვაჟა მებაღიშვილმა გასაყიდი უძრავი ქონების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფასები აქაც გაზრდილია, თუმცა გაძვირების მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია. „მოთხოვნა, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა ისინი მხოლოდ რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეები არ არიან და საქართველოში უძრავი ქონების შეძენა სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც სურთ“, – დასძინა „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” მრჩეველთა საბჭოს წევრმა BMG-ისთან საუბრისას.