LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში წყლის ხარისხის პრობლემა არ არის – GWP

2768739_1200x

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ უბნებში, წყლის ამღვრევის ფაქტები ფიქსირდება. გუშინ აღნიშნული პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში მაგდა წულაიამ დაწერა. როგორც მის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ჩანს, ონკანიდან აღებულ წყალს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, საკმაოდ უცნაური შეფერილობა ჰქონდა.

როგორც მაგდა წულაია “ფორტუნასთან” აცხადებს, პოსტის გავრცელების შემდეგ, მის მეუღლეს კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ წყლის ასეთი შეფერილობა ავარიის ბრალი იყო. წყალმა ფერი მალე შეიცვალა, თუმცა მაგდა წულაია ამბობს, რომ ონკანის წყლის დალევას მაინც ერიდება.

“ახლა შეფერილობის გარეშე მოდის წყალი, თუმცა დალევას მაინც ვერ ვრისკავ,” – განაცხადა მან “ფორტუნასთან”.

 

GWP-ს კიდევ ერთი აბონენტი, რომელიც მთაწმინდაზე, ტარიელის 6 ნომერში ცხოვრობს, “ფორტუნასთან” ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, ონკანის წყალი ამღვრეულია, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით, ამ წყალს დასალევად არ იყენებს და მხოლოდ ყიდულობს. მისივე თქმით, კომპანიას პრობლემის შესახებ ჯერ არ დაკავშირებია.

 

27 იანვარს, ამღვრეული წყლის ფოტო გაავრცელა ანა კუჭავამაც. როგორც მან “ფორტუნასთან” განაცხადა, ფოტო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზეა გადაღებული. მას GWP-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ წყალს არაბუნებრივი ფერი გეგმიური წმენდის გამო ჰქონდა. პრობლემა ამ დროისთვის მასთანაც მოგვარებულია, თუმცა ანა კუჭავა მიიჩნევს, რომ ასეთ დროს კომპანიამ მოსახლეობის ინფორმირებულობა უნდა უზრუნველყოს და მსგავსი გეგმიური სამუშაოების შესახებ წინასწარ აცნობოს.

“ბოლო პერიოდში, ხშირადაა ამღვრეული წყალი, ხან თითქოს ქლორიანი. ეს შემთხვევა განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რადგან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ დაიწმინდა წყალი. კომპანია დროულად გამომეხმაურა პოსტის შემდეგ, თუმცა მითხრეს, რომ წმენდა მიმდინარეობდა, წყალი მოშვებული დამეტოვებინა და დაიწმინდებოდა, შემდეგ კი წყალი დასალევად ვარგისი იქნებოდა,” – განაცხადა მან “ფორტუნასთან”.

“ფორტუნას” GWP-ში განუცხადეს, რომ საშიში არაფერია და თბილისში წყლის ხარისხის პრობლემა არ არსებობს. მათივე თქმით, მზად არიან ნებისმიერ პრობლემურ მისამართზე გავიდნენ და წყლის ხარისხი ლაბორატორიულად ადგილზე შეამოწმონ.

“ჩვენი ლაბორატორიის წარმომადგენელი ინდივიდუალურად დაუკავშირდება პრობლემის მქონე აბონენტს, ადგილზე გავა და შეამოწმებს წყლის ხარისხს. ლაბორატორია, ყოველთვის მზადაა ამის გასაკეთებლად, რადგან დააწყნაროს მომხმარებელი, რომ არანაირ პრობლემას არ აქვს ადგილი,” – აცხადებენ GWP-ში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები