თბილისში წინდების ახალი საწარმო გაიხსნება, რომელსაც შპს „ტიფლის ტექსტილი“ მოაწყობს. კომპანია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას 2018 წლის დასაწყისში დაიწყებს.
საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და აქ საწყის ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ კი „ტიფლის ტექსტილი“ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.
„ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ ლარია.