საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დასახმარებლად, დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი იმოქმედებს. ასევე ამოქმედდა სახაზინო ანგარიში, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა და მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.
“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია.
მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.
გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ – 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ.
ერთი კვირის წინ გავხსენით სპეციალური სახაზინო ანგარიში და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს ვთხოვეთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, ფინანსური დახმარება გაიღონ. უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესსუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს – 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს – უკრაინისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.