2017 წლის თბილისის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება კვლავ პრიორიტეტებად რჩება.
ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და ჯამში აღნიშნული პრიორიტეტის პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
დაზუსტებულ პროექტში უცვლელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა. 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 6.8 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).
თბილისის მერიის ცნობით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1,031,500 ლარით გაიზარდა და 801,302,000 ლარი შეადგინა. დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული. პროექტი 9 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოში შევიდა.