თბილისში თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი გაიმართება. ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ”საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის” ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ფორუმის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების, ამ სფეროში დასაქმებული კერძო საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისთვის; წარმოების ზრდისა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და დაცვის უზრუნველყოფით.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის წევრები, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; თხილის დარგში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, თხილის გადამამუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.