LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სატრანსპორტო და მგზავრთა ნაკადების გადაადგილების შესწავლა დაიწყო

14

ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა დაწყებულია. როგორც ”ფორტუნას” მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, კვლევა 15 ივნისის დასრულდება.

ფონდში აცხადებენ, რომ კვლევის მიზანია დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის დანერგვა, რომელიც თბილისის მოსახლეობის სამომავლო მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

”მნიშვნელოვანია არსებული მობილობის ანალიზი, რადგან გავიგოთ სატრანსპორტო სისტემების სამომავლო გამოწვევები; ეს აგრეთვე გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ დედაქალაქისთვის სატრანსპორტო გადაადგილების საუკეთესო მოდელი, რომელიც საშუალებას მისცემს პოლიტიკურ ლიდერებს აირჩიონ და განახორციელონ სატრანსპოტო სისტემაში სამომავლო ინვესტიცია,” – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

კვლევას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“და „გორბი“ კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით ატარებენ. შესწავლისას განიხილება გადაადგილების ყველა საშუალება, მათ შორის ფეხით სიარული, ველოსიპედის მართვა, ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, ავტომანქანის მძღოლი ან მგზავრი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

როგორც ფონდში აცხადებენ, იგეგმება 6 000 შინამეურნეობის გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრთა ნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ და შესაძლებელი გახდება ნათლად გამოიკვეთოს პრობლემები და დაისახოს გზები ტრანსპორტის მუშაობის  გაუმჯობესების მიზნით.

გარდა ამისა, თბილისის მერიამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის მოსაძიებლად, რომელიც დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს. მერიის ცნობით, პროექტის მიზანია თბილისში საჯარო ტრანსპორტის მობილობის გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს ავტობუსების არსებული მარშრუტების რესტრუქტურიზაციას. პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ევრო, საიდანაც 300 ათასს თბილისის მთავრობა ბიუჯეტიდან დააფინანსებს, ხოლო 500 ათას ევროს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან“ გრანტის სახით მიიღებს.

როგორც ”ფორტუნას” მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის კვლევას შემდგომში უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ავტობუსების არსებული მარშრუტების რესტრუქტურიზაციისთვის და უფრო მასშტაბური კვლევისთვის გამოიყენებს.

 

წყარო: fortuna.ge