თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება, – განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის განმარტებით, კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ – „კოკო არქიტექსტი.“ მისივე თქმით, ამ კომპანიას მსგავსი ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული.
“მერიაში რამდენიმე ვერსიაც კი განვიხილეთ და მოხდა შეჯერება ორ ვარიანტზე. ამ განხილვებში ჩართული იყვნენ ჩვენი კულტურული საბჭოს წევრები, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები,” – აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ორივე პროექტი წარადგინა და აღნიშნა, რომ ანძაზე მოეწყობა რესტორანი, ასევე არის შესაძლებლობა, ზემო ნაწილზე იყოს პანორამული გადმოსახედი.
„გვაქვს ორი პროექტი, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ ინტერნეტსივრცეში, აქაც გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრდი, ეს არის მუხიანის პროექტი – რადიოქალაქი, მას უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას,” – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში სატელევიზიო ანძა გამოყენებულია ტურისტული თვალსაზრისით.
„ჩვენი ქალაქიც არანაირად არ ჩამორჩება არცერთ განვითარებულ ქალაქს და სატელევიზიო ანძა უნდა გამოვიყენოთ სწორად,” – აღნიშნა კალაძემ.