14 მაისს სასტუმრო „იოტა“-ში შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის რიგით მე-5 ფორუმი, სადაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი მარიამ ჯაში, ფრაქცია სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე ბ-ნი გია ჟორჟოლიანი, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქ-ნი ირინა აბულაძე, სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია საქართველოს კერძო კოლეჯების უმრავლესობა (44-დან 38).
ასოციაცია თავისი არსებობის მე-6 წელს ითვლის და ჩამოყალიბდა, როგორც ავტორიტეტული, კომპეტენტური, მძლავრი ორგანიზაცია , რომლის მიზანიც იყო და არის- პროფესიული განათლების სისტემის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად.
ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა, გაიმართა ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.