თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა და 5 მილიონი ლარის ნაცვლად, 2,5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვრა 2 500 000 ლარის ოდენობით.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეღავათი ვრცელდება ასევე პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელზეც და შესაბამისად, სამორინეს მფლობელი, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული ნებართვის შემთხვევაში, მომდევნო წელსაც 2 500 000 ლარს გადაიხდის.
ცნობისთვის, სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 მლნ ლარს შეადგენს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა.
ეს გამონაკლისებია: ბათუმი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები; გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, დაბა ბაკურიანის ტერიტორია, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები; ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორია, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორია; ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.