”რუსეთი ოკუპანტია” ამ გზავნილით, თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ნდობა. მან საბოლოოდ დაგვანახა, რომ დღესდღეობით არ არსებობს სახელმწიფო ნება იმისა, სახელმწიფომ რამე გააკეთოს იმისთვის, რომ დააბრუნოს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეები. ამიტომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება იმოქმედოს.
”ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ეფექტიან და ქმედით ნაბიჯს, რომ თუნდაც ჩვენი ერთი მოქალაქე დაბრუნებულიყო, ვისაც ამხელა სასჯელი აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავააქტიუროთ საზოგადოება და განვახორციელოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე და ზუსტად ისევე იმოქმედონ, როგორც ეს მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შემდგომ პერიოდში. იგივე უნდა განხორციელდეს 5-ვე გატაცებულის შემთხვევაში.
გატაცებულები არიან: გენადი ბესტაევი, ზაზა გახელაძე, ლაშა ხეთერელი, რამაზ ბეღელური ირაკლი ბებუა. ეს ხუთივე დაკავებული სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას ხელისუფლებამ”. – განაცხადა ”ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ.
როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, ზაზა გახელაძე და სხვა პირები რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლნი არიან და რუსეთის ფედერაცია 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელია, გაგრძელებული 2008 წლიდან – დღემდე.
”ჩვენი პრეტენზია რუსეთის ფედერაციის შემდეგ მიმართულია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისადმი, რომელიც წარმოადგენს რეალურად რუსეთის ფედერაციასთან დანაშაულებრივ, მოღალატეობრივ კოლაბორაციაში მყოფ რეჟიმს, რომელმაც თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის პროგრამაში დაისახა ამოცანად, რომ საქართველო ამოვარდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს დღის წესრიგიდან, როგორც პრობლემური საკითხი. ეს მიზეზი არის ის, რომ დღემდე რუსეთის ფედერაცია არ გრძნობს არც დიპლომატიურ, არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფასს იმ დანაშაულებისთვის, რომელსაც სჩადის საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უნდა მოაგვაროს ქართულმა საზოგადოებამ”. – განაცხადა, ბარამიძემ.
საპროტესტო აქციაზე ასევე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და 2019 წლის 28 დეკემბერს გათავისუფლდა.
”ჩემი და ყველა აქ მყოფის, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მთავარი მოთხოვნაა, თავისუფლება ოკუპანტების მიერ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს საქართველოში. სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებამ ერთობლივად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად. რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება საზოგადოების მხრიდან, მეტი რეაქცია იქნება მსოფლიო საზოგადოების მხრიდანაც”. – აღნიშნა, გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რუსეთის ყოფილი საელჩოდან მსვლელობით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა კი სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა შვიდი თვის წინ ზაზა გახელაძე გაიტაცეს.