LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქართული მინის ჩანთების პირველი მაღაზია იხსნება

1178

თბილისში ქართული მინის ჩანთების პირველი მაღაზია იხსნება.  ბრენდ May-ის ერთგული მომხმარებელი სასურველ პროდუქციას ამიერიდან უკვე სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” შეიძენს. ობიექტი 1 მაისს, 10:00 საათზე გაიხსნება და მომხმარებელს უკვე არსებულ პროდუქციასთან ერთად, უახლესი დიზაინით შექმნილ ჩანთებსაც წარმოუდგენს.

 ”გელოდებით ყველას ყველას! გაიზიარეთ ჩვენი სიხარული. 1 მაისი May -ის დღეა და სიმბოლურად სწორედ ამიტომ ვითმენდით , რომ მაისს და გაზაფხულის ყველაზე ლამაზ თვეს შევგებებოდით ბევრი სიახლითა და გამჭვირვალე ჩანთებით!”,- განუცხადა ”ფორტუნას” May-ის წარმომადგენელმა მაგდა წილოსანმა.

მისივე ინფორმაციით, მაღაზიის გახნის ოფიციალურ ღონისძიებაზე მისული მომხმარებელი საჩუქრებსაც მიიღებს.  ”1 მაისს ჩვენ marketer-ზე შერჩეულ 3 გოგონას გადავცემთ May -ის ჩანთებს. ასევე,  ერთ განსაკუთრებულ გულშემატკივარს გადაეცემა ჩვენი გამჭვირვალე ჩანთა. პირველ 5 მყიდველს კი საყურეებით დავასაჩუქრებთ”, – აღნიშნა წილოსანმა.

როგორც May-ის წარმომადგენელმა განმარტა, ჩანთებთან ერთად May -ის მაღაზიაში საყურეებიც იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ,  May-ის მინის ჩანთები ბაზარზე 2016 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი ნინი ზექალაშვილია.  როგორც მან ცოტა ხნის წინ ”ფორტუნას” განუცხადა, May-ის  პროდუქცია მაღალი ხარისხის ორგანული მინით მზადდება. ჩვეულებრივი მინისგან განსხვავებით, მის შემადგენლობაში შედის პლასტმასი , რაც მას ძნელად მსხვრევადს ხდის . ამასთან, ის მინაზე ბევრად მსუბუქია , ადვილია მისი გაწმენდა უბრალო ნაჭრით, ან თუნდაც ხელსახოცით.

ბრენდის დამფუძნებლის თქმით, May-ის მიერ წარმოებული მინის ჩანთები უახლოეს მომავალში ექსპორტზეც გავა. ქართული პროდუქციის გაგზავნა მეზობელ აზერბაიჯანში იგეგმება. თუმცა,  ქართულმა მინის ჩანთებმა საზღვარი უკვე გადაკვეთა.

”გვქონდა რამდენიმე შეკვეთა უცხოეთიდან. ჩვენი ჩანთები გაიგზავნა კანადაში, საფრანგეთსა და უკრაინაში. კიევში ერთ-ერთ მაღაზიაში უკვე იყიდება May-ის ჩანთები. 30 აპრილს კი რამდენიმე ჩანთას მოსკოვშიც გავგზავნით”, – განმარტა ზექალაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მინის ჩანთების რეალიზება აქამდე მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა, 1 მაისიდან კი ბრენდს უკვე საკუთარი მაღაზია ”თბილისის მოლში” ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები