LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მსოფლიო საფრანგეთმა მოიგო

20

მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა! გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ფინალში დამსახურებულად იმარჯვა.

28:25 – ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს ერიკ ქუინტინის ბიჭებმა, ჩემპიონტის ყველაზე ლამაზად, ეფექტურად და აზრიანად მოთამაშე ხელბურთელებმა. მათი მეტოქე ასევე კარგი გუნდი ესპანეთი გახლდათ. მომავალ ჩემპიონებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ ამ ნაკრებმა გაუწია. ესპანელებს პირველი ტაიმში თამაში მიჰყავდათ კიდეც და რამდენჯერმე სოლიდური სხვაობითაც იყვნენ დაწინაურებულები, მაგრამ ბოლოს ფრანგებმა ჩამორჩენის შემცირება მაინც მოახერხეს. ტაიმი ესპანეთმა მინიმალური სხვაობით – 13:12 მოიგო.

შესვენების შემდეგ საფრანგეთი, ისევე როგორც ჩემპიონატის ყველა წინა შეხვედრისას, გაცილებით მობილიზებული და მოტივირებული გამოვიდა. მათ გოლების გატანა დაიწყეს და მეტოქეს ერთბაშად ხუთი უპასუხო ბურთი მიართვეს. დაწინაურდნენ და ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. ერთხელ ესპანელებმა ფრანგების რიცხობრივი უმცირესობით კი ისარგებლეს და ოთხბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ მხოლოდ წუთით, მერე და მერე საფრანგეთმა ისევ „აიშვა” და ხუთი ბურთითაც დაწინაურდა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ საუკეთესოდ ფრანგი კილიან ვილენიმო დაასახელა.

ერიკ ქუინტინი, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: „უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩვენი ერთად დიდი ხანი მივდიოდით ამ მიზნისკენ და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მადლობა საფრანგეთის ნაკრების თითოეულ წევრს. მადლობა მეტოქეს, რომელმაც ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვეთ და ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური იყო”.

მიგელ სანჩესი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: „დამწუხრებულები ვართ, თუმცა არც ჩემპიონატის მეორე ადგილია ცუდი შედეგი. ფინალი ყოველთვის დაძაბული და სანერვიულო გამოდის, ასე იყო ამჯერადაც. ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბოლოს ჩვენმა რამდენიმე შეცდომამ ფრანგებს ჩემპიონობა მოუტანა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას”.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დანიამ 30:29 დაამარცხა ხორვატია.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ რუსი მაქსიმ პოპოვი აღიარეს, საუკეთესო მარცხენა გარემარბი დანიელი ემილ იაკობსენი გახდა, მარცხენა შუამარბი – დანიელი ემილ ლაერკე, მარჯვენა გარემარბი – ედუარდ კემპფი (საფრანგეთი), მარჯვენა შუამარბი – ივან მარტინოვიჩი (ხორვატია), ხაზის მოთამაშე – ლუიშ ფრადე (პორტუგალია), საუკეთესო გამთამაშებელი – ესპანელი იან სერანო ტარაფეტა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი კილიან ვილენიმო დაასახელეს, ბომბარდირის პრიზი კი 66 გოლის გამტან ისლანდიელს, ტეიტურ ორნ ეინარსონს გადაეცა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი მატჩი მოიგო, შემდეგ ყველაში დამარცხდა და საბოლოოდ მეოცე ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები