თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლა იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ვერანდაზე მოხდა. მათივე თქმით, ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად, სავარაუდოდ, დაიჭრა ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
“სროლა მოხდა “სტრადას” ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა.
შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, – განაცხადა თვითმხილველმა.
როგორც „ფორტუნა“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.