LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში იმყოფებმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი: რა განცხადებები გააკეთა ჯეიმს კლევერლიმ

131
ფორტუნა - 2023-03-17T134215.135

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.

“რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯეიმს კლევერლი საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ “ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად”.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის.

“ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, მაგრამ ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში.

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის.

ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტოს ეწვია.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაღალი რანგის სტუმარი ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს.

„შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

პროგრამის ფარგლებში საქართველო ბრიტანეთისგან იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის, ინფორმაციის გაზიარების უწყებათაშორისი ჩარჩოს შემუშავების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი სოფიო ქაცარავა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და მისი მოადგილე, გიორგი ღიბრაძე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები