LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, გონიოსა და ქობულეთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინეს

94

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, გონიოსა და ქობულეთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მისი მფლობელი ფ.ი. და დაწესებულების ადმინისტრატორი და ბარმენი ი.ქ. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

შსს-ს ცნობით, ამავე ბრალდებით, თბილისში კიდევ ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ზ.ქ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით უკვე გამოკითხეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ქობულეთში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

შსს-ს ცნობით, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები