LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა

70

თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანის ტენდერში სულ 7 კომპანია მონაწილეობს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე, წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.

”როგორც კი შერჩევა-შეფასების პროცედურები დასრულდება, გამარჯვებულ კომპანიას ღიად დავასახელებთ და გავასაჯაროებთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ორი დღის წინ უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში ერთ-ერთი მონაწილე უკრაინული კომპანია „სიტი ტრანსპორტ ჯგუფია“, რომელიც „ლვოვის ავტობუსების ქარხნის“ მმართველი კომპანიაა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია უკრაინული ЛАЗ-ების საქართველოში წარმოებას დაიწყებს და შემსყიდველს ისე მიაწვდის.

სავარაუდოდ, ტენდერში მონაწილეობს რუსული კომპანია GazGroup-ც, რომელიც газ-ის მარკის ავტობუსებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტენდერის მიმდინარეობის დროს “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ” გაავრცელა.

ახალი ავტობუსები თბილისში აგვისტოდან უნდა გამოჩნდეს. იგეგმება 175 ახალი, შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე, 12-მეტრიანი, ავტობუსის შემოყვანა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოყვანილი ავტობუსები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.

თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს. გამარჯვებული კომპანიის შერჩევაში EBRD მონაწილეობს.

გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 16 მარტს დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები