LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დედას ორი შვილით ტროტუარზე სძინავს – “ასეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს”

77

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ თბილისში, არაყიშვილის და აბაშიძის კუთხეში, დედა ორი მცირეწლოვანი შვილით, ღამეს ქუჩაში ათევს.

მომხმარებლები ოჯახს ეძებენ, რომ მათ დაეხმარონ, თუმცა უშედეგოდ.

” ესეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე განცდა გექნებათ ყველას. ძალიან რთულია სიტყვებით ან თუნდაც სურათებით იმ სიტუაციის სიმძიმის აღწერა რაც მე ვნახე! შუა ქუჩაში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის ჩვენს თვალწინ ტროტუარზე სძინავთ ამ ადამიანებს! ეს სურათები ჩემი გადაღებული არ არის მომერიდა გადაღება, მაგრამ აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის ფბ-ზე. არ ვიცი ვის ეხება ან ვინ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, მაგრამ გთხოვთ ყველას გააზიარეთ, რათა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ან ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რითი დავეხმაროთ ამ ოჯახს…”, – წერს სოციალურ ქსელში დავით ყიფიანი.

ამ ოჯახს ეძებს თბილისის მერიაც.

“ფორტუნას” დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურში განუცხადეს, რომ ამ ოჯახის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, სოციალური ქსელიდან შეიტვეს, თუმცა ადგილზე გასულს არავინ დახვდათ.

მათი თქმით, გამგეობის წარმომადგენლებმა ამ ფოტოების და “ფეისბუქში” გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ვერავინ იპოვეს.

“რამდენჯერმე გავიდნენ გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე და ვერ ნახეს ვერავინ. პირველად ეს ფოტოები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას და რას ემსახურება”, – განაცხადეს მერიის სოციალური მომსახურების სამსახურში.

მათ ასევე განმარტეს, რომ მერიას დედათა და ბავშვთა თავშესაფარი არ აქვს, შესაბამისად ოჯახის გადაყვანას თავშესაფარში ვერც შეძლებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები