დედაქალაქის საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილი – 10% ე.წ. დაკეტილ ბინებს წარმოადგენს – აღნიშნული ინფორმაცია თბილისის გენერალურ გეგმაშია მითითებული.
საცხოვრებელი ბინების ასეთი მაჩვენებელი ახალი საბინაო რესურსების არამიზნობრივად ათვისებამ გამოიწვია.
გეგმაში აღნიშნულია, რომ ბინებით ვაჭრობა ეკონომიკურ მდგომარეობაზე მყისიერ დადებით გავლენას ახდენს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკურად გაუმართლებელია.
„მათი შემდგომი ფუნქციის შეუსაბამო გამოყენება ზრდის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან და საგზაო სისტემებთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ამდენად, მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად გამართლებულად ვერ ჩაითვლება“, – ნათქვამია გენერალური გეგმის დოკუმენტში.
ამასთან, არაპირდაპირი მოთხოვნის ხარჯზე, მუდმივად ზრდადი საბინაო ბაზარი საქალაქო სივრცისა და მომიჯნავე გარემოს დეგრადირებას იწვევს და მოსახლეობაზე მავნე ზეგავლენას ახდენს.
ამის გამო, გენერალური გეგმის რეკომენდაციაა, რომ საბინაო მშენებლობა შეიზღუდოს.
„ეს ყველაფერი მავნე ზეგავლენას ახდენს, როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე მოსახლეთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია საბინაო მშენებლობის შეზღუდვა და მისი მიმართვა ქალაქის ურბანიზებული ნაწილის შიდა ტერიტორიულ რესურსზე არსებული სტრუქტურული ფრაგმენტაციის აღმოფხვრისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
თამთა უთურგაშვილი