დედაქალაქში არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის”, ჟურნალი STYLE-ს ეგიდით და თბილისის მერიის მხარდაჭერით „თბილისობის“ ფარგლებში- 2016 წლის 15 და 17 ოქტომბერს ჩატარდება.
ამასთან 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუს“ საპრეზენტაციო დარბაზში – გაიმართება მე – 11 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ”არქიტექტურული პრემია 2016”-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
როგორც ”ფორტუნას” საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციიდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები: იტალიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან. მათივე ცნობით, კონკურსი ტარდება არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მომუშავე პროფესიონალთათვის და მისი მიზანი საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების დაფიქსირებაა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
საერთაშორისო კონკურსზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული)
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული)
- საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული)
- საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული)
- რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული)
- მწვნე არქიტექტურა (რეალიზებული)
- სტუდენტური პროექტი
- არქიტექტურული პროექტები
- ქალაქგეგმარებითი პროექტი
“არქიტექტურული პრემია 2016” – ენიჭებათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ქალაქგეგმარებით, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისათვის.
გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საერთაშორისო კონკურსის”არქიტექტურული პრემია 2016” ერთ-ერთი ორგანიზატორის – საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ.