LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იწყება

31

თბილისში, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე, უახლოეს დღეებში, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

150-მდე ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება  ფხოვის ქუჩაზე იგეგემება.

როგორც „თბილისის განვითარების ფონდში“ „ფორტუნას“ განუცხადეს, ავტოსადგომი, ავტომობილებისა და უწესრიგო მოძრაობისგან აღნიშნულ ტერიტორიას საგრძნობლად განტვირთავს.

„ფხოვის ქუჩაზე, კომუნიკაციების განახლების სამუშაოებთან ერთად, დაიწყება მიწისქვეშა ავტოსადგომის პროექტიც. პარკინგი 150 მანქანაზე იქნება გათვლილი და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ მონაკვეთზე საკმაოდ გადატვირთული მოძრაობაა“, – განაცხადეს „თბილისის განვითარების ფონდში“.

ჯერჯერობით უცნობია ფასიანი იქნება თუ არა ახალი ავტოსადგომი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა სხვა ლოკაციებზეც იგეგმება.

ცნობილია კიდევ რამდენიმე ლოკაცია, სადაც პარკინგი მოეწყობა: თბილისის რკინიგზის სადგურის,  თბილისის საკონცერტო დარბაზის, პუშკინის მოედნის, ისნის მეტროს, დინამოს სტადიონის, ქალაქ თბილისის მერიის, გულუას მოედნის, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის პარკის მიმდებარედ.

ეს ლოკაციები მერიამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, თუმცა როდის დაიწყება სხვა ავტოსადგომების მშენებლობა უცნობია.

შერჩეული ლოკაციებიდან, მიწისზედა ავტოსადგომი მხოლოდ მერიასთან აშენდება, დანარჩენ ქუჩებზე პარკინგები მიწის ქვეშ მოეწყობა.

ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი დინამიურად მზარდია. შესაბამისად, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქსა და დედაქალაქში, თბილისშიც სატრანსპორტო საშუალებების პარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.