თბილისში რიგით 23-ე მეტროსადგურის ”სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნა ზაფხულამდე გადაიდო.
როგორც ”ფორტუნასთან” მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, სადგურის გახსნა, მაისში იგეგმებოდა თუმცა თარიღი სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიწევს.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი ბიუროკრატიული პროცედურები გახდა.
”ახალი მეტროსადგურის გახსნის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, კონტრაქტორი კომპანია მოითხოვს ვადის გახანგრძლივებას რამდენიმე თვით, ზაფხულამდე. ჩვენ ამას დავთანხმდებით, რადგან ობიექტური მიზეზები არსებობს: ნებართვებთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა ბიუროკრატიული პროცედურები, ასევე დიდი დრო წაიღო ესკალატორების შერჩევამ და დონორთან მოლაპარაკების პროცედურებმა”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის მეტროსადგურის მშენებლობა ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული.
გერმანული წარმოების ესკალატორები უკვე თბილისშია და თვის ბოლოდან მისი მონტაჟი დაიწყება.
”ასევე ხორციელდება დაჭირხვნისა და ბეტონის სამუშაოები. ეწყობა ცენტრალური სადგური და ჩასასვლელები. ასევე დამონტაჟდება ესკალატორები”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” ჯუანშერ წულაძემ.
მეტროსადგურ უნივერსიტეტს პროექტის მიხედვით, 4 ამოსასვლელი ექნება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა. ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები სრულად დასრულებული არ არის.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო “ასიგნია კობრა” ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიამ” მოამზადა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.