LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, 89-ე ბაგა ბაღში სწავლა დროებით შეწყდა

ბაგა ბაღი

გლდანში მდებარე 89-ე საბავშვო ბაგა ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ამის მიზეზი, შენობის ავარიულობაა – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბაღების შენობებს ავარიულობაზე ამოწმებენ და სადაც საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, იმათ ხურავენ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ 89-ე ბაღში სწავლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. ამასთან, ბაღის დროებით დახურვის შესახებ ინფორმაცია მშობლებს ბაღების მართვის სააგენტომ, შეხვედრაზე მიაწოდა.

ბაღების სააგენტოში ასევე, არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის შედეგად 650-მდე აღსაზრდელი შენობის გარეშე დარჩება.

“სააგენტოში მოგვივიდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. დასკვნაში ეწერა, რომ ამ შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცელია და ამ ბაღში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. უკვე მიმდინარეობს ბავშვებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება,” – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.

ამასთან, გვანცელაძემ დასძინა, რომ 89-ე ბაღის აღსაზრდელები საახალწლო ზეიმების ჩატარებას აუცილებლად შეძლებენ ან ახლომდებარე სკოლაში ან ფართს მათთვის ბაღების სააგენტო სპეციალურად დაიქირავებს: “ბავშვები საახალწლო ზეიმის გარეშე არ დარჩებიან,”-  თქვა კახაბერ გვანცელაძემ.