არაოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში ყოველ 14 მგზავრზე 1 ტაქსი მოდის. ეს საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია. ამგვარი კონკურენციის გამო “ტაქსისტების” შემოსავალი თვალსა და ხელს შუა მცირდება.
სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება. მძღოლების ნაწილი ამას ტაქსების სიჭარბეს უკავშირებს, ნაწილი კი – მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავი გაიაფდა, მძღოლების ხარჯი თითქმის არ შემცირებულა, თუმცა შემოსავალმა აშკარად იკლო.
ზოგიერთი მათგანს დღეში, საშუალოდ, 15-18 ლარის მოგება რჩება, რაც ამ ადამიანების მთელი დღის შრომის საფასურია. ასეთია რეალობა, რომელშიც თბილისში ტაქსის მძღოლებს უწევთ მუშაობა.
დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად 700 000 ადამიანი მგზავრობს. ამ დროს ქალაქში 50 000-მდე ტაქსი მოძრაობს. გამოდის, რომ 1 ტაქსზე 14 მგზავრი მოდის, რაც ძალიან ცოტაა. მათ უმეტესობას სატაქსო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება, შესაბამისად, ტაქსები ხშირად ცარიელი დადიან.