LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და რეგიონებში საგზაო უსაფრთხოებას ახალი ვიდეოკამერები დაარეგულირებს

52

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

„საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ორი სექცია ამოქმედდა.

ასევე, სამი სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.

საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

„მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმისგამოწერის შესახებ.

“ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები