მიუნხენში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, მიუნხენში, კომპანია MAN-ის წარმომადგენლებს შეხვდა და MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისის მერს MAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბაროს ოქტაიმ უმასპინძლა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება.
„დღეს მიუნხენში ვიმყოფებით, სადაც ვნახეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც თბილისისთვისაა განკუთვნილი. 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყევლაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ. დღეს გვაქვს გარკვეული გამოწვევები – ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი იყო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოიყვანა, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც კომპანია MAN-თან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ავტობუსების მიმდინარე სერვისს მაღალი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილებით და სარემონტო მომსახურებით.
„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის მოსახლეობა მიიღებს MAN-ის მარკის ავტობუსებს. ერთის მხრივ, ის იქნება ყველაზე კომფორტული, მეორე მხრივ კი, გათვალისწინებულია გარემოზე ზრუნვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვალდებულებას ვიღებთ, რომ თბილისს მოვემსახუროთ ავტობუსების მოწოდებიდან დაწყებული, დამთავრებული ავტობუსების გამართული ექსპლუატაციით. კერძოდ, პროექტში გათვალისწინებულია ტრენინგები, გერმანული სტანდარტების დანერგვა საქართველოში და ავტოპარკის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით“, – განაცხადა “თეგეტა ჰოლდინგის” ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ირაკლი პაპიაშვილმა.
ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.
ტრანსპორტში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.
„მოხარული ვართ, რომ მიუნხენში ვმასპინძლობთ ჩვენს კოლეგებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და “თეგეტა მოტორსიდან”. მათ თბილისის მიერ შესყიდული 160 ერთეულიდან პირველი ავტობუსი დავათვალიერებინეთ. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე, მოუთმენლად ველით სამომავლო პროექტებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტობუსების ნაწილს წლის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ვიხილავთ“, – განაცხადა MAN-ის გაყიდვების მიმართულების ხელმმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბურა ჯეიჰანმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში ეტაპობრივად იგეგმება. 2024 წლის ბოლომდე თბილისს ეყოლება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-მდე ავტობუსი, რაც მთლიანი საავტობუსე პარკის დაახლოებით 40% იქნება.