თბილისში გამწვანებისა და ღია სივრცეების გასამმაგება, მტკვრის გასწვრივ საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, სამარშუტო ქსელების ოპტიმიზაციის დაგეგმვა, სატრანზიტო დერეფნების მოწყობა, ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ა.შ. – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პუნქტების, რომელსაც თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმა ითვალისწინებს.
დოკუმენტის ავტორების თქმით, ის ის სამოქმედო გეგმაა, რომელშიც პუნქტებადაა გაწერილი, რა სამუშაო რა დროში უნდა განხორციელდეს. თუმცა, საუბარი არაა კონკრეტულ მექანიზმებსა და სამუშაოებზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს ესა თუ ის პროექტი. ამაზე კი, მათი ინფორმაციით, დამატებითი პროექტების შემუშავება და განხილვაა საჭირო.
განვითარების გენერალურმა გეგმამ, რომელსაც ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, დღის სინათლე უკვე იხილა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. სწორედ მან უნდა განიხილოს და შესაბამისად, დაამტკიცოს ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც არის ქალაქმგეგმარებლების ხედვები, რათა თბილისი მეტად მწვანე და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დახვეწილი ქალაქი გახდეს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი დედაქალაქის მერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ დოკუმენტის მთვარი ხაზი მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი კონცეფციაა.
მამუკა სალუქვაძე იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაზე მუშაობდა. ის მიღებული დოკუმენტით კმაყოფილია, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ გეგმაში ასახული პუნქტების შესასრულებლად ცალკე პროექტებია გასაწერი.
ასევე, დოკუმენტში არაა საუბარი სატრანპორტო სისტემაზე და ნაწილობრივ არის ნახსენები ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის საკითხებიც.
„ფორმა შეიცვალა, სამართლებრივი აქტის სახე მიიღო, 1200-მა გვერდმა და ბევრმა ტომმა. იქ არის ძირითადი მოცემულობები, რომელიც შემუშავებულ დოკუმენტში იყო მოცემული და სამართლებირივი აქტის სახე აქვს. გარდა ამისა, კერძო მესაკუთრეებთან დაკავშირებით ბალანსი შემუშავდა. რა ფართობის საცხოვრებელი ტერიტორიები შეიცვალა არასაცხოვრებლით. გარკვეული რეკომენდაციები ჩაიდო, როგორ უნდა მოიქცეს მერია, როცა კერძო მესაკუთრეებთან ექნება საქმე. გამსხვილდა, დროში სწორად გაიწერა ღონისძიებების ჩამონათვალი. როდის მოხდება ამ ყველაფრის გაკეთება, ეს უკვე მერიის განსასაზღვრი იქნება. ამ პერიოდში მან უნდა ჩამოაყალიბოს ალბათ ის ტექნიკური დავალებები, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. გენგეგმა თავისი არსით ზოგადი დოკუმენტია. ის დოკუმენტები არავის წყალში არ გადაუყრია, რაც შევიმუშავეთ და გვაქვს კონკრეტული პროექტები. მას ჩვენი რეკომენდაციები აქვს ხელთ. ტომების სახით, სადაც მათ შორის, ეს საკითხებია ეტაპების, დარგებისა და სფეროების მიხედვით, მერიას შეუძლია გამოიყენოს და უკვე ამის შესრულება დაიწყოს, გეგმის დამტკიცების შემდეგ,“ – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, გენერალურ გეგმაში შეიცვალა ფორმა, მაგრამ არ შეცვლილა ძირითადი მიდგომები და პრინციპები, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი.
„დოკუმენტში მნიშვნელოვანია შეზღუდვები, ანუ იქ, სადაც არ შეიძლება მშენებლობები. ასევე, კვლევები იქნება საჭირო თუ იმ სატრანსპორტო დერეფანში რა გაივლის. დღის წესრიგშია ასევე, რომ სატვირთო შემადგენლობები ქალაქს მოცილდეს,“ – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა.
გარდა ამისა, გენერალურ გეგმაში საუბარია განაშენიანებული არეალის გარეთ განვითრებისთვის შეუსაბამო ნაკვეთების, განსაკუთრებით დიდ ოდენობაზეც, რომელიც სამ ტერიტორიაზე თბილისის ზღვის მიმდებარედ, დიდი დიღმისა და კოჯორი-შინდისის მიმდებარედაა. მოცემული ნაკვეთების სამშენებლო განვითარება საფრთხეს უქმნის ერთის მხრივ, თბილისის ქალაქგეგმარებით სტრუქტურას, მეორეს მხრივ კი, სახიფათოა, როგორც მათი მესაკუთრეებისთვის, ასევე მიმდებარე გარემოსთვის.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტშია აღნიშნული ასევე, რომ მერიამ 2018-2023 წლებში ტრამვაისთვის საპილოტე დერეფანიც უნდა შეარჩიოს, კვლევა ჩაატაროს, პროექტირებისა და განხორციელების გეგმები დასახოს.
ტრანსპორტის კუთხით დასახული გეგმები მისაღებია გელა კვაშილავასთვის. ექსპერტი საგზაო საკითხებში აცხადებს, რომ გეგმაში გაწერილი პუნქტების ჯეროვნად და დროში შესრულება, ქალაქს საგრძნობლად წაადგება.
„რომ მივყვეთ და ყველაფერი გაკეთდეს, კარგი სიტუაცია გვექნება, უნდა მოეწყოს სატრანპსორტო დერეფნები, ავტობუსებისთვის სავალი ზოლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა გაიზარდოს. აქ არ წერია ავტობუსების შეძენაზე, მაგრამ ავტობუსების პარკის განახლებაც უნდა მოხდეს,“ – განუცხადა კვაშილავამ „ფორტუნას“.
თავად ქალაქის მართვაზე პასუხისმგებელი პირები დოკუმენტს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ, თბილისს ასეთი ხარისხის დოკუმენტი არ ჰქონია. საკითხი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ხაზი გაუსვა, არის ის, რომ კერძო საკუთრების გარკვეული ტერიტორიები სარეკრეაციო ზონაში ყვება და ამასთან, დაკავშირებით დეტალური დამუშავების შემდგომ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. მისი თქმით, შესაძლებელია აღნიშნული კერძო საკუთრების ტერიტორიების გამოსყიდვა ან მონაცვლეობა მოხდეს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას, გენგეგმის პრინციპებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შესაძლოა ქალაქის მოსახლეობამ კვლავ მიიღოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც რეალობაში არ განხორციელდება.
ქეთი გიგოლაშვილი