საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ხვალ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ბიზნესფორუმი სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში 10:30 საათზე დაიწყება. ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნკოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.
ბიზნესფორუმს საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ულახოვიჩი გახსნიან.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნეს-სექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან და ბელარუსული პროდუქციის გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.
ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დარეგისტრირდა საქართველოს ბიზნეს-სექტორის 190-მდე წარმომადგენელი. გარდა გახსნის ღონისძიებისა და ორმხრივი შეხვედრებისა, ფორუმის ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ. დოლარამდეა.