„თბილისობის“ დღესასწაული, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველ და 2 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე აღინიშნება.
„პანდემიის გამო, ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა, წელს გვაქვს შესაძლებლობა, გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ. იქნება ინსტალაციები, გამოფენები, კონცერტები, სამეწარმეო და გასტრონომიული ბაზრობები, სპორტული და საბავშვო აქტივობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გალაკონცერტი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.
„გელოდებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“. რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.
რიყის პარკი
1-ელი და 2 ოქტომბერი, 11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
გამოფენები;
კაფე ქიმერიონი;
საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
სამეწარმეო ბაზრობა;
გასტრონომიული ზონა;
ტკბილეულის ფესტივალი;
სპორტული აქტივობები;
ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება (ვერის უბნის მელოდიები (1973), თოჯინები იცინიან (1963), გრძელი ნათელი დღეები (2013), ბროწეულის ფერი (1968), ფიროსმანი (1969), აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე).
2 ოქტომბერი
19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი
ლეღვთახევი
1-ელი და 2 ოქტომბერი, 11:00 – 20:00 საათი
თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები
მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.
ორბელიანის მოედანი
1-ელი და 2 ოქტომბერი,
11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები;
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
სამეწარმეო და კვების ზონები.
19:00 – 22:00 საათი
მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.
გუდიაშვილის მოედანი
11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);
დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
ღია კინოთეატრი;
„თბილისური კაფე“;
19:00 – 22:00 საათი – სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.
გალაკონცერტი
პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი, ევროპის მოედანი
მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით.
ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
20:00 საათი
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია („თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება, სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შექმნილია ვიდეოარტი და წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე ქართული მეცნიერებისა და კულტურის, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას, ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.