თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 62 წლის მამაკაცს კორონავირუს დაუდასტურდა. წინასწარი ინფორმაციით, ინფექციის პირველწყარო მისი შვილია, რომელიც მოლარედ მუშაობდა.
„ეს არის ხანდაზმული მამაკაცი, თანდართული ანამნეზით. ამჟამად, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. პაციენტის შვილი არის მოლარე, არ დავასახელებ, სად. მას ერთი კვირის წინ აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია. ალბათ, ეს მოლარე ეროვნული ბანკისკლასტერს უნდა მიეკუთვნებოდეს, რადგან ფულთან ჰქონდა შეხება. პაციენტები გადაყვანილი იქნებიან შესაბამის კლინიკებში, დაინფიცირებული მამაკაცი ალბათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა. შვილს არ აქვს კორონავირუსი დადასტურებული. ეს უკვე გადაეგზავნა ეპიდსამსახურებს კვლევისთვის და მის მიმართ კვლევა გაგრძელდება. ეს კაცი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და პრაქტიკულად, სახლიდან არ გადიოდა. შვილი იმყოფება თვითიზოლაციაში, სახლში. გუშინ, მოყვანილი იყო უცხოეთიდან მგზავრები, რომელთაგან სამი ადამიანის ანალიზი დღეს იქნება აღებული. ახლა მიმდინარეობს სხვა პაციენტების კვლევა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად, 49 პაციენტი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია – 3. კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.