LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ტურისტულ ზონებში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დარღვევები გამოვლინდა

88
Obmen-valyuty

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ – კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ასევე არ ახდენდნენ ანგარიშსწორების შემდგომ ქვითრის ამობეჭდვას და მომხმარებლებისთვის გადაცემას.

„დაფიქსირდა სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც, კერძოდ, არ ხორციელდებოდა ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა, ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ იყვნენ აღჭურვილი საჭირო ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს ეროვნული ბანკი გარკვეული პერიოდულობით მომავალშიც გეგმავს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს – 2 406 406 ან მისწერეთ – [email protected].

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები