თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ნაწილში გათვალისწინებული არ არის. ამის შესახებ ”ფორტუნას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, შემოვლით რკინიგზასთან დაკავშრებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებლი არ არის და როდესაც გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი მომზადდება, რკინიგზის გადატანის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყდება.
როგორც ცნობილია, ”საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიას შემოვლითი რკინიგზის სამი პროექტი შესთავაზა. ერთ-ერთი თბილისის ცენტრალური სადგურის მთლიანად გადატანას გულისხმობს. მეორე პროექტის მიხედვით, რკინიგზას ნაწილობრივ გადაიტანენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თბილისის ფარგლებში, 70 ჰექტარზეა განთავსებული, დედაქალაქში აღარ იქნება და დარჩება უშუალოდ რკინიგზა, 13 ჰექტარზე. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალური დოზით დარჩება.
პროექტიდან ერთ-ერთს მერია მას შემდეგ შეარჩევს, რაც განაშენიანების გენერალური გეგმა მომზადდება. დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა. საბოლოო დოკუმენტი კი მზად მომავალ წელს იქნება.