თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას, ასევე, დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი საკრებულოში გამოდის და ითხოვს, დაისაჯოს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე; რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, მზად არიან, სახლთან დახვდეს სუს-ის 40-მდე აგენტი, „ნასეტკა“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების, მშობლების თვალწინ. რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალები, ლაჩრები, არაადამიანები, არაკაცები ამას ვერ გაბედავდნენ.
არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც საკრებულოში დაიწყო, ეს ყველაფერი კრიტიკულ აზრს მოჰყვა, ამიტომ კითხვები გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, ასევე კითხვები გვაქვს სუს-თან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან. მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, არამედ დაისაჯონ დამკვეთები და ორგანიზატორები, რომლებიც უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუს-სა და პოლიციაში. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაპატიმრებული ადამიანები – ზვიად კუპრავა, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე. ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდათ კითხვები, სად იყო პოლიცია, როდესაც იკრიბებოდნენ ადამიანები და თავდასხმის ორგანიზება ხდებოდა“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ.