თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მიმდინარეობს.
აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროულ გამოვლენასა და დიაგნოსტიკას, პრევენციულ ღონისძიებებს და მკურნალობის დროულ დაწყებას.
„თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ წამოვიწყეთ კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, იგივე „ვარდისფერი კამპანია“, ორგანიზაცია “ევროპა დონას საქართველოსთან” ერთად.
კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ქალი დავარწმუნოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ადრეული სკრინინგი, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, ძუძუს კიბო და ზოგადად ქალთა ონკოლოგიური დაავადებები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერია უფასო პროგრამებს სთავაზობს ქალებს, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. მიმართვიანობა ძალიან დაბალია და გვსურს მეტი ადამიანი ჩაერთოს სკრინინგის პროგრამებში.
პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ის კონკრეტული ლოკაციები, სადაც ტარდება სკრინინგ პროგრამები.
ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით მიმდინარეობს სკრინინგი შემდეგი მიმართულებით:
40-დან 70 წლის ჩათვლით ძუძუს კიბოს სკრინინგი,
25-დან 60 წლის ჩათვლით საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი,
50-დან 70 წლის ჩათვლით მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი,
25-დან 70 წლის ჩათვლით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი.
აღნიშნული მომსახურება შეუძლიათ ჩვენს დედაქალაქელებს სრულიად უფასოდ მიიღონ მუნიციპალიტეტისგან.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, კამპანიის მეორე ეტაპი გაიმართება საკრებულოში, სადაც ჩვენს თანამშრომლებს ვხვდებით.
კამპანია დაიწყება საკრებულოდან და სამომავლოდ ვფიქრობთ, სხვა საჯარო უწყებებშიც გავმართოთ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები,“ – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.