LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის საბურთალოს ფილიალი გაიხსნა

394
თსსუ

2024 წლის 26 მარტს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის საბურთალოს ფილიალი.

ცერემონია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია ერთობ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის თანამშრომლობით ხორციელდება. აკადემია სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება სოციალურ გარემოში ინტეგრაციისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ახალი ფილიალის საბურთალოზე გახსნა, ხელს შეუწყობს და გაუმარტივებს მომსახურების მიღებას მოსახლეობას, ეს ხელშეწყობა, დამეთანხმებით, ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული მშობლისთვის“, – განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, ბატონი არჩილ უნდილაშვილი. 

„თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის მომსახურებას მოიცავს, რაც გულისხმობს ადაპტირებულ და უსაფრთხო გარემოს, მაღალკვალიფიციურ მულტიდისციპლინურ გუნდს. აკადემია, ასევე, წარმოადგენს შესანიშნავ ბაზას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შესაბამისი პრაქტიკისა თუ აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილებისათვის, ასევე, ემორის უნივერსიტეტს (აშშ) მხარდაჭერისათვის“,  – განაცხადა პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის სამედიცინო განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა დეკანის მოადგილე,  მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის  ემერიტუსი, პროფესორი ჯოელ ფელნერი;  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი თამარ ჟღენტი; თსსუ-ის კანცლერი, ბატონი ალექსანდრე ბუაჩიძე; თსსუ-ის ვიცე-რექტორები: პროფესორები ხათუნა თოდაძე და სოფიო ბახტაძე; თსსუ-ის ვიცე-კანცლერები: პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და ბატონი მამუკა კალმახელიძე; თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. 

ცერემონიის დასასრულს, ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ოქროსაშვილმა მოწვეულ სტუმრებს დაათვალიერებინა ახალგახსნილი ფილიალი და აჩვენა სიმულაციური პროცედურები – ქცევის თერაპიის,  მეტყველების თერაპისა და  ხელოვნების ჯგუფური თერაპიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის მულტიდისციპლინური გუნდი, მშობლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს ბუნებრივ გარემოში ბავშვთა უნარ-ჩვევების სწორად წარმართვის ზედამხედველობას და სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:

•          განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის დიაგნოსტიკა;

•          კონსულტაცია ექიმ-ფსიქიატრთან;

•          აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვება (Ados-2);

•          აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინტერვიუ მშობელთან ან აღმზრდელთან (Adi-r);

•          ბავშვის ადაპტაციური უნარების შეაფასება (Vineland 2);

•          ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელი ტესტი (Wechler);

•          სენსორული ინტეგრაციის შეფასება;

•          მეტყველების განვითარების შეფასება;

•          სასკოლო მზაობის შეფასება;

•          ქცევის ანალიტიკოსის კონსულტაცია.

თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის საბურთალოს ფილიალი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე N33-ში, თსსუ-ის II სასწავლო კორპუსში.

ecda.ge