LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ყველა დეტალი – როდის გაიხსნება და რა იქნება ნაჩვენები

kinofestival

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები. ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე  კინორეჟისორების სადებიუტო ნამუშევრები იბრძოლებენ.  კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია – გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია. წევრები არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში, სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს  ევროკავშირი აწესებს.  EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანებიან.

„პირველი არხის“ გადაცემის „ილუზიონის“ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთ ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარი ქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“ მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს ჩაატარებს.

8 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი უფლისწული“. ნამუშევარი ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“, „ევროპული ფორუმი“.

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს.  ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი”, “პროცესი” და “გამარჯვების დღე” იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცემა.

წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური, ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციაში 15 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის ელმო ნიუგანენის 2015 წლის „1944“, იანის ნორდსის 2013 წლის ფილმი „მიყვარხარ, დედა!“, ლუგილებ არჯუკაიტეს „მჟავის ტყე“.

სექციის „დამზადებულია გერმანიაში“ ფარგლებში უახლეს ფილმებზე დასწრებას შეძლებთ. ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით იქმნება.

შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა“, „შემდგომის სონატა“, „მარწყვის მდელო“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დასკვნით დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ იორგოს ლანტიმოსის ფილმის, „ფავორიტის“ პრემიერა შედგება. რეჟისორის ანგარიშზე ისეთი ნამუშევრებია, როგორებიცაა „ეშვი“ და „ლობსტერი“. „ფავორიტში“ მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. შენგელაიას 1962 წელს გამოსული ფილმის, „ალავერდობის“ განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენება გაიმართება.

26 ნოემბერს, „ლოლიტაში“ ფესტივალის ორგანიზატორები და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ კინოფესტივალის უფრო დეტალური განხილვისთვის მედიასთან.

გაგა ჩხეიძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი:

დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, უკრაინიდან ცუდი ამბები გავიგეთ… მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უკრაინელი რეჟისორი, სერგეი ლოზნიცა იქნება ჩვენი კინოფესტივალის სტუმარი და ის მიიღებს საპატიო „პრომეთეს“, რომელიც ქართველ და უცხოელ რეჟისორებს ყოველწლიურად გადაეცემათ. ეს ჯილდო გადაეცემათ რეჟისორებს, რომლებმაც უკვე თქვეს საკუთარი სიტყვა და დღესაც აქტიურები არიან საკუთარ პროფესიაში, როგორიც არის სერგეი ლოზნიცა. ქართველ რეჟისორთაგან საპატიო „პრომეთეს“ გიორგი შენგელაიას გადავცემთ და ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „ალავერდობა“, რომელიც მცირე ხნის წინ აღადგინეს.

მნიშვნელოვანია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს მე-19-დ იმართება, გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორთა კონკურსი, წარმოდგენილი იქნება საინტერესო კინოსურათები, მათ შორის 4 ქართული პრემიერა, ფილმები ადამიანის უფლებების შესახებ, რაშიც ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული უკვე მეორე წელია, ხოლო სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ იტალიაა წარმოდგენილი.

ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

წელს იტალია ჩვეულებრივ პროგრამაშიც მონაწილეობს და სპეციალურ სექციაშიც. პროგრამაშია როგორც ცნობილი, ასევე დამწყები იტალიელი რეჟისორების ნამუშევრები. საელჩო სიამოვნებით დათანხმდა ამ შეთავაზებას. შეირჩა ფილმები, სადაც ნაჩვენებია არა მხოლოდ იტალიის ყველაზე ლამაზი მხარეები, არამედ ქვეყნის აქტუალური პრობლემები, უკუსვლის თემები, თუმცა ყველა ფილმში ჩანს მათი გადაჭტის გზები, იმედი და მომავლის გასაღები…

სოფო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე:

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არის რეგიონის მთავარი კინომოვლენა, რომლის პროგრმაც ყოველ წელს აქტუალური, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია. ის დიდ როლს თამაშობს თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ვემზადებით შემდეგი წლისთვის, როცა მისი 20 წლის იუბილე აღინიშნება, თბილისის მერია თავის წვლილს შეიტანს იუბილეში. კინოფესტივალი არის მოვლენა ახალგაზრდა კინორეჟისორებისთვის, დებიუტანტებისა და სტუდენტებისთვის, ვგულისხმობ მასტერკლასებს, რომლებსაც სფეროს დიდი პროფესიონალები ატარებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები